ბარათაშვილის პოეზიის სამყაროში

შემოღამება მთაწმინდაზე - მთაწმინდის აღმართს ხშირად აჰყოლია უჩინარ ფიქრებში გართული ბარათაშვილი. მისთვის მთაწმინდა იგივე პარნასი იყო. შთაგონების წყარო აქ იღებს სათავეს და აქ იბადება ბარათაშვილის უკეთეს ფიქრთა და ლექსთა შორის გამორჩეული „შემოღამება მთაწმინდაზე“. ჩემი აზრით, ეს ლექსი სამუდამოდ დასამშვენი მარგალიტია ჩვენი პოეზიისა. ამ ლექსს თვრამეტი წლის ჭაბუკი ქმნის.
   „შემოღამება მთაწმინდაზე“ პოეტის ტიტანური უკმაყოფილების პირველი გამოძახილია. თავისუფლების მაძიებელი ჭაბუკი, სიტყვის პრომეთეოსი, პირველად არღვევს ჯაჭვს, რითაც მიჭედილია კლდეზე და ამ ჩხარუნზე ეღვიძებათ ნაპრალებში მთვლემარე ძალებს. ლექსის ავტორი გვაოცებს პოეტური სილაღითა და აზრთა სიღრმით, კეთილშობილური კაეშნითა და წინასწარმეტყველური იმედით.
   შეთქმულების დამარცხებით გულმოკლულ პოეტს თითქოს ჯიბრზე სწამს, რომ გათენდება დილა მზიანი და ყოველსა ბინდსა ის განანათებს. ასეთ კეთილშობილურ ფიქრს მთაწმინდა წარმოშობს. სამყაროს რელიგიურ წარმოდგენაში მთა ღვთის სამყოფელად მოიაზრება. იგი ცისა და მიწის შესაყარია. მთაწმინდის, როგორც წმინდა მთის, განსაკუთრებულობა ლექსის პირველსავე ტაეპშია გამოხატული: „ჰოი, მთაწმინდავ, მთაო წმინდავ!“ - მიმართავს პოეტი მამა დავითის ლოცვით ნათელმოსილ მთას და ხაზს უსვამს იმ ღვთაებრივ სიწმინდეს, რომელიც მის სახელწოდებაშივეა გამოვლენილი. წმინდა მთაზე ზეციური მადლის დამკვიდრების ნიშანია „ცვარნი ციურნი“.
   პირველ ტაეპში გამოყენებული ორმაგი მიმართვა ლოცვის დასაწყისს გავს. ტონალობითაც მთელი სტროფი ლოცვას მოგვაგონებს.
   მთაწმინდა არის გულმოკლული პოეტის მეგობარი, მისი თანამგრძნობი და მესაიდუმლე. პოეტის უსაზღვრო ტკივილების გაზიარების ნიშნად „ბუნდოვანი“ კლდეც სევდითა და მწუხარებით ივსება („ჩემებრ იგიც იყო მწუხარ და სევდიანი“).
   ლექსის მიხედვით, მთაწმინდა გაცოცხლებული და გასულიერებულია: „იგი ხან მცინარია, ხან-ცრემლიანი“. მისი სიახლოვე შვებით ავსებს მხილველს, ამიტომაც მას პოეტი „გულდახურულთა მეგობარს“ უწოდებს. შეიძლება ითქვას, საღვთო ეპითეტით ამკობს პოეტი მთაწმინდას, როცა ასე მიმართავს: „მთაო ცხოველო“.
   მთაწმინდა თავშესაფარია. აქ პოეტი სულიერად უნდა გადარჩეს. აქაური ჰარმონია და პირველქმნილი სიწმინდე მოწიწებას ბადებს ყოველივე იმის მიმართ, რაც წმინდა ადგილის უჩვეულო იერსახეს განსაზღვრავს.
   ლექსში მთაწმინდა ზეციური სამყოფლის განსახოვნებად წარმოგვიდგება. მის კალთებზე გაშლილი მდელო წმინდა ტაბლაა, რომელსაც სამოთხისეული სამკაულები ამშვენებენ; ამ ყვავილთაგან გადმოღვრილი სურნელება ის გუნდრუკია, რომელსაც ისინი სადიდებლად აფრქვევენ. ასე იქმნება ცისა და ქვეყნის გაერთიანების წარმტაცი სურათი, რომელსაც ბუნების წიაღში ჩაფლული მგოსნის პოეტური მზერა აღიქვამს.
   ხილული სილამაზით დატყვევებული პოეტის მზერა მთაწმინდიდან ცას მიემართება. როგორც ერთი კრიტიკოსი წერს: „ამ ლექსში ყველაფერი ზევით, მიწიდან ზეცისაკენ არის აზიდული“. პოეტის სხეული თითქოს ის მშვილდია, რომელმაც ახლა ისარივით უნდა გასტყორცნოს ზეცისაკენ მისი სული და ოცნება.
   ვკითხულობ ლექსს და ასე მგონია, მთვარე თვით შესაქმის იმ ღამით არ ყოფილა ისეთი მშვენიერი, ამ ლექსში რომ არის აღწერილი. აქ ცა მრგვალია, თითქოს ხელახლაა აღმოჩენილი და მის კამარაზე „დისკო გადახრით“ ნაზად დაიარება მთვარე. მას მიჯნურივით ასდევნებია ეული ვარსკვლავი, რომელიც ციმციმით გამოხატავს სიხარულს. ვფიქრობ, ქართულ კლასიკულ პოეზიაში ძნელად მოიპოვება ცის თაღზე მოარული მთვარის იმაზე მეტად ამაღლებული ხატება, ბარათაშვილი რომ გვთავაზობს:
„გინახავთ სული, ჯერეთ უმანკო, მხურვალე ლოცვით მიქანცებული?
მას ჰგავდა მთვარე, ნაზად მოარე, დისკო-გადახრით შუქმიბინდული!“
   მაისის მწუხრით შემოსილი პოეტი ტრფობით იცქირება „ცათა მიმართ“ და ხარობს იმ ჰარმონიით, ცასა და მას შორის რომ მყარდება: „და ზოგჯერ ჩუმნი შემოგარენი ამით ჩემს გულსა ეთანხმებოდნენ“, ამიტომაც გულზე სამუდამოდ ჰქონდა „დაჩნეული“ იმ ცის ხატება.
   პოეტი სულს იქით ეძიებდა სადგურს, ნავსაყუდელს. ცის იქით ეგულებოდა ასეთი სავანე, ოღონდ ფიქრებით ვერ აღწევდა იქამდე, ეს ფიქრები ჰაერშივე ეფანტებოდა.
პოეტის დაუოკებელი სურვილია დამკვიდრდეს ოცნებით ხილულ წმინდა სადგურში:
„ მე, შენსა მჭვრეტელს, მავიწყდების საწუთროება,
გულის-თქმა ჩემი შენს იქითა... ეძებს სადგურს.
ზენაართ სამყოფთ, რომ დაშთოთ ის ამაოება...
მაგრამ ვერ სცნობენ, გლახ, მოკვდავნი განგებას ციურს!“
   დიახ, წმინდა მთაზე განცდილი წამი ამაოების განცდას ავიწყებს პოეტს, თუმცა ისიც იცის, რომ ადამიანები ხშირად როდი პოულობენ გზას ღმერთთან კავშირის აღსადგენად, ვერ სცნობენ განგებას ციურს. მთაწმინდაზე განცდილი სულიერი ამაღლების წამი პოეტს უბედნიერეს მოგონებად შერჩენია, რაღაცნაირად ნათელი მოლოდინით ავსებს განვლილი წამი... სწამს, რომ ღვთაებრივი მადლით გაცისკროვნებული „დილა მზიანი“ უეჭველად გათენდება და იგი დღე იქნება გრძელი წუთისოფელზე.


სული ობოლი - სულიერი ობლობის მწვავე განცდაა გამოხატული ბარათაშვილის ლექსში „სული ობოლი“. მასში იგრძნობა უკიდეგნო სევდა და მწუხარება. პოეტი საყოველთაო გულცივობით არის შეძრწუნებული - თვისტომთა შორის უთვისტომოდ დარჩენილა იგი ... ამ სავსე და ვრცელს სოფელში არავინ ჰყავს მესაიდუმლე და მისანდობელი.
   ლექსის პირველსავე სტრიქონში ისმის მარტოკაცის გოდება, მიუსაფრობის მწვავე განცდა... პოეტი სულიერი ობლობის გამო გულსაკლავად წერს:
„ნუ ვინ იტყვის ობლობისა ვაებას,
ნუ ვინ სჩივის თავის უთვისტომობას;
საბრალოა მხოლოდ სული ობოლი:
ძნელღა ჰპოვოს, რა დაკარგოს მან ტოლი.“
   ნაწარმოებში სულიერი ობლობა უდედმამობის, უთვისტომობის საპირისპირო ცნებად მოიაზრება. სულით ობლობა თავისი არსით უსასტიკესია და შემზარავი; ეს არის მრუმე სიცარიელე, რომელსაც ვერაფერი ამოავსებს.
   დიდი კაეშნითაა დაწერილი თითოეული სტრიქონი. ლექსი ნათელყოფაა იმისა, რომ ნათესავთაგან დაშორება თუ განშორება ტკივილს ბადებს, მაგრამ არა მოურჩენელს, რადგან ახლობელი სხვა ახლობელმა შეიძლება შეცვალოს, ნათესავების მაგივრობაც შეიძლება სხვამ გასწიოს. სულით ობოლს კი ძეხორციელი ვერ განკურნავს, ვერც უსაშველებს.
   ლექსში ერთმანეთს დაპირისპირებულია ხორციელი მოყვრობა და სულიერი ერთობა. სულიერ ნათესაობაში იგი ფიქრთა და ზრახვათა ერთობას გულისხმობს. მათი ურთიერთობა სულიერ საწყისს ეფუძნება და ამიტომაც აღემატება სისხლისმიერ ნათესაობას. ბარათაშვილის თქმით, დაობლებული სული უნდა ითმენდეს უნუგეშობას. როდესაც სულში ჰარმონია ირღვევა, უპირველესი განცდა, რომელიც ადამიანს ეუფლება, არის განცდა მარტოობისა. ტკივილი კი, უპირველეს ყოვლისა, ადამიანის სულს უქადის გაუხეშებას. ვერ გაუხეშდა ტატო, მაგრამ მკაცრი ტონი შეერია, როცა თვალთმაქცობასა და გაუტანლობას გმობდა. ამსოფლიური უსასოების მწვავე განცდითაა დაწერილი ლექსი.
   ეული სულისთვის უცხოა საწუთროსდროინდელი სიამე. ნაცნობია იმედგაცრუება, ტკვილი. ყველაზე გამძლე კი ტკივილი ყოფილა, ტკივილი გამოსცდის ადამიანს... აწ ვერავინ აცდუნებს ჭაბუკ პოეტს, მეორედ არ მოტყუვდება...


მერანი -  „მერანში“ გამოიკვეთა მარადიული, უკვდავი ღირებულებისკენ ლტოლვისა და უკეთილშობილესი იდეალებისკენ სწრაფვის მოტივი.
   ლექსში აშკარად გაცხადდა უსასრულო სრულყოფა ამაღლებული სულისა, რომელმაც საბოლოოდ გაარღვია ამსოფლიური ტკივილებით შემოფარგლული ყოფიერება და ტიტანური ენერგია ბედის საზღვრის გადასალახად მიმართა.
   მერანი არის მხატვრული ილუსტრაცია იმისა, რომ არსებობენ ფასეულობანი, რომელთვისაც ღირს თავგანწირვა, მსხვერპლის გაღება. ეს არის იდეური ზოგადკაცობრიული ღირებულებები, რომლებიც უფრო ფასეული და მნიშვნელოვანია, ვიდრე ადამიანის სიცოცხლე. სწორედ ამიტომაც მათი გადარჩენისათვის ბრძოლა იმ ზეგარდმო ვალის აღსრულებას ნიშნავს, რომელიც განგებამ თავის რჩეულთ დააკისრა.
   მოძმეთა ბედნიერებისთვის თავის გაწირვის იდეა ყველაზე სრულყოფილად გოლგოთის მისტერიაში გამოვლინდა. ამდენად, მერანის ლირიკული გმირი ქრისტეს მხედრად წარმოგვიდგება და მისი თავგანწირვის მიზანიც მესიანურია.
   მერანი სიკვდილთან შეთამაშების, სიკვდილისთვის თვალებში ჩახედვის, სიკვდილის დათრგუნვის საგალობელია. დიდი მსხვერპლის გამღები ლირიკული პერონაჟი უკვდავების თანაზიარია, ხოლო მასთან შერკინებული ბოროტება განწირულია და გამეტებული.
  ამაღლებული მიზანი, თავგანწირული სრბოლა მხედრისგან სრულ თვითგაღებას მოითხოვს. ისიც უსასრულო სივრცეს განიცდის მთელი არსებით, არ უშინდება სიბნელესა და დაბრკოლებას. მხედარი არავითარ შეღავათს არ ითხოვს. სულის მოთქმაზეც არ ფიქრობს. ენერგიის უჩვეულო მოზღვავებით ფრთაშესხმული აღარც წყალსა და ქარს უშინდება, აღარც კლდესა და ღრეს... მიჰქრის თავდაუზოგავად და საბრძოლო ყიჟინით ამხნევებს ქროლის ჟინით ისედაც გაგიჟებულ მერანს.
   დიადი მიზანი დიდ ძალას ხომ მოითხოვს, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, დიად მსხვერპლს მოითხოვს იგი. ნებისმიერ მაღალ მიზანთან შედარებით მსხვერპლი ყოველთვის უმნიშვნელოდ ჩანს. მერე რა, თუ მოუწევს მამულის დათმობა, ტოლებთან განშორება და სატრფოს მიტოვება.
   მერანის სააზპარეზო სარბიელი განუზომლად ვრცელი და უსასრულოა. მის ჭენებას ვერავითარი საზღვარ-სამანი ვერ აბრკოლებს: ვერც სიცხე, ვერც ავდარი, ვერც შავი ყორანი და ვერც ზღვის საზარელი მღელვარება, ამდენად, მერანის გმირის გზა გამორიცხავს მამულში დაბრუნებას, წინაპართა საფლავებს შორის დამარხვას, უსაყვარლესი ადამიანებისგან დატირებას. ეს ყველაფერი იცის მხედარმა, მაგრამ არჩეული გზიდან მაინც არ გადაუხვევს, რადგან მიზანი სიცოცხლეზე მეტია!
   ბედის საზღვრის გადალახვა სულიერი თავისუფლების უსაზღვროებას ნიშნავს. ეს კი იმდენად ძვირფასი მონაპოვარია, რომ სატრფოს ცრემლის მოლოდინი სიხარულსაც გადასწონის. ასეთი მხედარი „უშიშარია, ვითარცა უხორცო“. საერთოდ, რა სახსენებელია შიში ღვთის გზაზე შემდგარი კაცისგან. მათ ყოველთვის უფლის თვალი დასტრიალებთ და ამიტომაც არის დარწმუნებული ბარათაშვილი, რომ მას რომ ერგო იმ ჯვარს, გოლგოთაზე მაინც აიტანს.
   ბარათაშვილის „გიჟური ლტოლვა“ ღვთაებრივი მირონის მოსაპოვებლად არის გამიზნული. ამ განცდით წერს პოეტი: „ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირული სულისკვეთება“.
   ეს არის პოეტური ვარიაცია ადამიანის სურვილისა, რომელიც ჯადოსნური თეთრონით აიჭრება ზესკნელს და ყამარს - ღვთაებრივი ცეცხლის სიმბოლოს მოიტაცებს. დიახაც, ბარათაშვილი სწორედ ამირანივით დაჰყურებდა თავის ტიტანურ ტანჯვას.









Comments

Popular posts from this blog

ბარათაშვილის პოეზიასთან დაკავშირებული პრობლემები